11 ყველაზე პოპულარული ქართული კერძი: მითები და ისტორია
ქართული სამზარეულო გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გემოებით. ქართული სუფრის ყველაზე ცნობილი კერძები ასახავს ერის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების წესს. თითოეული კერძის უკან დგას ისტორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართული კულტურის სხვადასხვა ასპექტთან - დაწყებული რელიგიური დღესასწაულებით, დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრების წეს-ჩვეულებებით.
საქართველოს ყველა კუთხის კულინარიული ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში ინდივიდუალურად ყალიბდებოდა. ამიტომ ქართული კერძები სხვადასხვა რეგიონიდან ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი კლიმატი, დასავლეთის ნოტიო ჰავა, მთიანი რეგიონების მკაცრი პირობები - ყველა ეს ფაქტორი აისახა ადგილობრივ სამზარეულოზე და ქართული საჭმელების მრავალფეროვნება განაპირობა.
ამ სტატიაში გაგაცნობთ მითებს 11 ყველაზე პოპულარული ტრადიციული ქართული კერძის შექმნაზე.
ხაჭაპური
ხაჭაპური ერთ-ერთი უძველესი კერძია ქართულ სამზარეულოში. ვარაუდობენ, რომ მისი გამოცხობა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაიწყეს. ხაჭაპურის მსგავსი კერძი - მრგვალ ცომში ჩადებული ყველი - პირველად კოლხურ კულტურაში გვხვდება და სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა. ყველაზე გავრცელებული ლეგენდების თანახმად, იმერული ხაჭაპურის ფორმა მზის ან მთვარის სიმბოლოა. ძველად იმერეთში მზეს განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ და ხაჭაპურის ფორმა ამ პატივისცემის გამოხატულებაა (ამ შემთხვევაშიც პოპულარულია თეორია, რომ სარიტუალო დატვირთვა ქონდა).
მთვარის ლეგენდა უფრო რომანტიკულია და უძინარ მეპურეს მიაწერენ. ერთხელ უძილობისას ღამის ცაზე სავსე მთვარე დაინახა და გადაწყვიტა, მისთვის მიეძღვნა თავისი ახალი ქმნილება. თუმცა ამ ლეგენდას არანაირი ისტორიული წყარო არ გააჩნია.

დღესდღეობით ყველაზე ცნობილი სარიტუალო ხაჭაპურის ტიპი გურული ღვეზელია (გულში მოხარშული კვერცხით), რომელსაც შობისთვის აცხობენ. აჭარული ხაჭაპური კი, ამბობენ, პირველად ლაზმა მეთევზემ (ან მისმა ცოლმა) გამოაცხო და მოხერხებული ფორმის გამო მალევე გახდა პოპულარული საუზმე მეთევზეებში. ერთი ვერსიით ნავის ფორმა მეზღვაურების პატივსაცემად აქვს, თუმცა მეორე ვერსიით კვერცხის გული ისევ მზის სიმბოლოა.
საინტერესო ფაქტი: ხაჭაპური იმდენად პოპულარულია საქართველოში, რომ ხაჭაპურის ფასს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გასაზომადაც კი იყენებენ. ე.წ. “ხაჭაპურის ინდექსი” გვიჩვენებს, საშუალოდ რა ჯდება იმერული ხაჭაპურის გამოცხობა. ინდექსი ამერიკული ჟურნალი The Economist-ის “ბიგ მაკის ინდექსის” შთაგონებით შემუშავდა.
ხინკალი
ქართული კერძების მეფეზე ისტორიულად კიდევ უფრო ნაკლებია ცნობილი, ვიდრე ხაჭაპურზე. გადმოცემის თანახმად, პირველად საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონში მოახვიეს. თუმცა მოხევეებმა, მთიულებმა, ფშაველებმა თუ ხევსურებმა - არავინ იცის, და არც ერთი რეგიონი არ თმობს ავტორობას. თავდაპირველად, მხოლოდ ხორცით (თან მხოლოდ ცხვრისა და ძროხის) მზადდებოდა და ძირითადად მწყემსებისა და მონადირეების საჭმელი იყო. ხინკალი სიცივეს კარგად უძლებს, მარტივი სატარებელია, ადვილად მზადდება და მაღალკალორიულია, რაც ხალხისთვის რომელსაც რთულ რელიეფზე ბევრი სიარული უწევდა ძალიან მოხერხებული იყო. არსებობს ვერსია, რომ ხინკალიც თავიდან მზისთვის შესაწირი სარიტუალო კერძი იყო და ფორმა “ბორჯღალის” სიმბოლოთია შთაგონებული.

ბარში ხინკლის მასიურად მომზადება XIX-XX საუკუნეებში დაიწყეს, სწრაფი ურბანიზაციის პერიოდში. ამავე დროს განიცადა რეცეპტურამ ყველაზე დიდი ცვლილება - შიგთავსში ჯერ ცხვარს ღორი ჩაენაცვლა, შემდეგ კი სრულიად სხვა ინგრედიენტებით დაიწყეს მოხვევა. დღეს ვეგეტარიანული ქართული საჭმელების სიაშიც გხვდება, სოკოს ან კარტოფილის შიგთავსით. სავარაუდოდ, თავიდან ეს ცვლილება სამარხვო ვარიანტზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.
მწვადი
მწვადი ალბათ ყველაზე ძველი ქართული კერძია. ლეგენდის თანახმად, მწვადი იყო ერთ-ერთი პირველი კერძი რომლის მომზადებაც რეგიონში დაიწყეს - საკვების თბური დამუშავების სწავლასა და მონადირეობის კულტურის გავრცელებასთან ერთად. იგივე ლეგენდას თუ დავუჯერებთ, უშუალოდ ქართულ მწვადს სხვა მსგავსი ხორცის კერძებისგან განასხვავებს ის, რომ ტრადიციულად ვაზის ტოტებზე წამოცმული იწვებოდა, რაც კერძს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებდა.
სიმართლეა თუ არა, არავინ იცის, თუმცა ყურძნის წალამზე მწვადის შეწვა დღესაც ტრადიციულად “სწორ” მომზადების წესად ითვლება. პირველი მწვადი სავარაუდოდ გარეული ცხოველის ხორცისგან შეწვეს, შემდეგ ღორისა და ძროხის მწვადი დამკვიდრდა, ბოლოს კი სიას მთაში გავრცელებული ცხვარიც შეემატა.

ურბანიზაციასთან ერთად, ისევე როგორც ხინკლის შემთხვევაში, კერძი გამრავალფეროვნდა. დღეს მწვადი მომზადების ტექნიკასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კონკრეტულ ინგრედიენტებთან. ინგრედიენტი უნდა შამფურზე აეგოს და ღია ცეცხლზე, ნაკვერჩხალზე შეიწვას. აუცილებელია ჰქონდეს შესამჩნევი კვამლის არომატი. დღეს პოპულარულია როგორც ხორცის, ისე თევზისა და ბოსტნეულის მწვადი. თუმცა ეტალონად და ყველაზე ავთენტურ ვარიანტად მაინც ღორის მწვადი ითვლება.
ფხალი
ფხალი თავდაპირველად ბევრად უბრალო კერძი იყო, ვიდრე დღეს. არქეოლოგიურ ნიმუშებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ რაღაც მსგავსი ჯერ კიდევ ძვ.წ. 5000-3000 წწ. მზადდებოდა. ეს საქართველოში მიწათმოქმედების განვითარების პერიოდია, როდესაც მცენარეული საკვების მოხმარება გახშირდა.

თავიდან ფხალი უბრალოდ დაქუცმაცებული ადგილობრივი მწვანილების ან ბოსტნეულის მასა იყო. გლეხს რაც ადგილზე მოჰყავდა, იმას იყენებდა, ამიტომაც გვაქვს ამდენი სახის ფხალი. თვითმყოფად კერძად გადაიქცა სადღაც შუა საუკუნეებში, როდესაც ამ მასის ნიგვზით, ძმრით და სუნელებით შეზავება დაიწყეს.
XIX საუკუნეში, ქართული კულინარიული ტრადიციების ჩაწერისა და სისტემატიზაციის პროცესში, ფხალი უკვე მოიხსენიება როგორც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი კერძი. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ფხალის მომზადების ე.წ. "კლასიკური" რეცეპტები, რომლებიც დღემდე გამოიყენება.
ლობიანი
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ლობიანი რომელსაც ხშირად ხაჭაპურის სამარხვო ვერსიად განიხილავენ, სინამდვილეში გაცილებით უფრო “ახალგაზრდაა”. ვარაუდობენ, რომ გვიან შუა საუკუნეებს უკავშირდება. XVI საუკუნიდან აქტიურად დაიწყო ლობიოს კულტივაცია დასავლეთ საქართველოში, ჯერ გურიაში და შემდეგ სამეგრელოში. პირველ ლობიანსაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირებენ. ცილებით მდიდარი ლობიო მარხვის პერიოდში ხორცის მოხერხებული და ხელმისაწვდომი ალტერნატივა აღმოჩნდა, და ლობიანმაც მალევე დაიმკვიდრა ქართულ სამზარეულოში ადგილი.

ლობიანის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა XVIII და XIX საუკუნის დასაწყისში. სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა სრულად საქართველოს ტერიტორიაზე და თითოეულმა რეგიონმა საკუთარი ვარიაცია შექმნა. მაგალითად, იმერული ლობიანის შიგთავსი უფრო რბილია, ხოლო რაჭულის - მშრალი და ცხარე, თან ხშირად არასამარხვოც, რადგან გულსართში რაჭული ლორი ემატება.
ბადრიჯანი ნიგვზით
ივანე ჯავახიშვილის ცნობით ბადრიჯანი საქართველოში დაახ. XII საუკუნეში გავრცელდა, თუმცა მეტად დაზუსტება შეუძლებელია. ვარაუდობენ რომ სპარსეთიდან ან არაბული ქვეყნებიდან შემოვიდა. თავდაპირველად სამკურნალო მცენარედ ითვლებოდა, თუმცა მალევე ქართულ სამზარეულოშიც დაიმკვიდრა ადგილი.

კონკრეტულად ნიგვზიანი სართავის დამატება შემწვარ ბადრიჯნის ნაჭრებში როდის დაიწყეს უცნობია. თუმცა გასტრომკვლევართა უმრავლესობა თანხმდება, რომ ყველაზე დამაჯერებელი ვერსიით კერძი დაახ. XVI საუკუნეში, კახეთში შეიქმნა. ამ რეგიონში ბადრიჯანი ყველაზე სწრაფად დამკვიდრდა, ამიტომ თვლიან რომ ნიგოზსაც (რომელიც კახეთის რეგიონში უხვად მოჰყავდათ) პირველად აქ გადაურიეს.
არსებობს თეორია, რომ ბადრიჯანი ნიგვზით თავიდან სადღესასწაულო კერძი იყო, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში. ტრადიციულად კერძს მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება (ბადრიჯნის გამოწურვა, ნიგვზის ხელით დანაყვა, შეზავება და ა.შ.), ამიტომ ამზადებდნენ ქორწილებისა და დღეობებისთვის ხორციანი კერძების მაგივრად. რამდენად მართალია ეს თეორია დღესდღეობით თქმა რთულია.
საცივი
ისევე, როგორც სხვა ტრადიციული ქართული კერძების უმეტესობის, საცივის შექმნის თარიღიც უცნობია. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ მსგავსი კერძის მომზადება პირველად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთში ან გურიაში დაიწყეს. ეს რეგიონები ცნობილია კაკლის მოყვანით და ნიგვზიანი კერძების სიუხვით. ბარბარე ჯორჯაძემაც თავის ცნობილ რეცეპტების წიგნში კერძი გურული საცივის სახელით შეიტანა.
საცივი, სავარაუდოდ, თავდაპირველად მხოლოდ არისტოკრატული სუფრისთვის მზადდებოდა. ძირითადი ინგრედიენტები, განსაკუთრებით ინდაური, ძვირი ღირდა. ამას მოწმობს ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტიც, რომელშიც ნაკლები ნიგოზი და მეტი ძმარია, ვიდრე თანამედროვე რეცეპტებშია მიღებული.

საცივის პოპულარობა მკვეთრად იმატებს XIX საუკუნეში. სწორედ ამ პერიოდში ხდება ის საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი. იმდენად სწრაფად გავრცელდა და მყარად დამკვიდრდა, რომ XX საუკუნეში, საბჭოთა დეფიციტის პერიოდშიც კი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ საჭმელად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ზოგიერთი ინგრედიენტი ძნელად ხელმისაწვდომი იყო და ძალიან ძვირი ღირდა.
დღეს კი ქართული კულინარიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ხაჭაპურისა და ხინკლის მსგავსად. ამასთან, ითვლება, რომ სწორედ საცივია ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ ქართული ტრადიციული სამზარეულო გაცილებით უფრო კომპლექსური და დახვეწილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ხარჩო
ხარჩოზე საუბრისას საჭიროა დაკონკრეტება, სუპ-ხარჩოზე ვსაუბრობთ თუ მეგრულზე. ბრინჯიანი პომიდვრის წვნიანი დღეს ნამდვილად შედის პოპულარული ქართული საჭმელების სიაში, თუმცა მთლად ტრადიცულ კერძად არ ითვლება. სუპ-ხარჩო პოპულარული საბჭოთა პერიოდში გახდა, სადაც ხშირად გვხვდებოდა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.
ტრადიციულ ქართულ სამზარეულოზე საუბრისას კი, როგორც წესი, გულისხმობენ მეგრულ ხარჩოს, რომელიც სრულიად განსხვავებული კერძია: სქელი, ნიგვზით შეზავებული ხორციანი სოუსი.

მეგრული ხარჩოს ძირითადად საქონლის ხორცით ამზადებენ. კერძის გემოს ნიგოზი, ქინძი, ნიორი, ძმარი და მეგრული აჯიკა ქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანელებლების კომბინაცია: მეგრული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ხარჩო საკმაოდ პიკანტური შეიძლება იყოს, ამიტომ მას ხშირად შედარებით ნეიტრალური გემოს ღომთან აერთიანებენ.
საცივის მსგავსად, ისტორიულად სადღესასწაულო კერძად ითვლება: შუა საუკუნეებში ხარისხიანი ნიგოზი და რბილი საქონლის ხორცი ძვირადღირებულ პროდუქტები იყო. ამიტომ კერძს მხოლოდ დიდი დღესასწაულების აღსანიშნავად ან განსაკუთრებული სტუმრებისთვის დგამდნენ სუფრაზე.
ღომი (და) ელარჯი
ღომისა და ელარჯის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქართულ გასტროისტორიაში - წლების განმავლობაში ის ძირეულად გარდაიქმნა. საეჭვოა ელარჯის პირველ შემქმნელებს კერძი დღევანდელი სახით ეცნოთ, ოდესმე რომც გაესინჯათ.

ბევრმა არ იცის, მაგრამ ღომი არა კერძის, არამედ ერთ-ერთი უძველესი მარცვლეული კულტურის სახელია. ღომის მარცვალი საქართველოში ჯერ კიდევ ძვ.წ. II-I ათასწლეულ მოჰყავდათ. თავიდან უბრალოდ ფქვავდნენ და ფაფად ხარშავდნენ. უბრალო გლეხების საკვები იყო, რომელიც ადვილად მზადდებოდა და კარგად ანაყრებდა. განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდა დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში, სადაც სხვა მარცვლეული კულტურები ძნელად ხარობდა. შუა საუკუნეებში ღომი უკვე მყარად იყო დამკვიდრებული დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით სამეგრელოს, კულინარიაში. სავარაუდოდ სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ღომის მომზადების სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის რბილი ყველის ჩახარშვა და შეიქმნა ელარჯი.
კერძები რადიკალურად ტრანსფორმირდა XVII საუკუნის ბოლოს, როდესაც სიმინდი შემოვიდა საქართველოში და დაიწყო ღომის ჩანაცვლება. დღეს ავთენტურ, ღომის მარცვალზე მომზადებულ ღომსა და ელარჯს იშვიათად შეხვდებით, მაგრამ კერძის სახელი კი შენარჩუნდა. სამეგრელოში ის დღემდე რჩება კულინარიული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად.
ჩაქაფული
ჩაქაფული სეზონური კერძია და ჩვეულებრივ აპრილის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე მზადდება. განსაკუთრებით პოპულარულია აღმოსავლეთ საქართველოში. ითვლება, რომ პირველად კახეთის რეგიონში მომზადდა და მჭიდროდ უკავშირებენ რეგიონის მწყემსურ ტრადიციებს.

ვარაუდობენ, რომ მომზადების ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ტრადიციულად საჭიროა ბატკნის ან თიკნის ხორცი, მწვანე ტყემალი, მწვანილები და სანელებლები. XX საუკუნის დასაწყისში, ურბანიზაციის სწრაფი პროცესის დროს კერძი კახეთის რეგიონს გასცდა და დაიწყო ბატკნის ხორცის ხბოს ხორცით ჩანაცვლება, განსაკუთრებით თბილისში.
შქმერული
შქმერული რაჭული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხელი კერძია. სახელწოდებაც მის წარმოშობას უკავშირდება: ითვლება, რომ კერძი პირველად რაჭის სოფელ შქმერში მომზადდა.

კერძის მთავარი ინგრედიენტი ქათამია. ტრადიციული მომზადებისას ქათამს ჯერ კარგად წვავენ, შემდეგ ნაწილებად ჭრიან და ნივრიან სოუსთან ერთად კეცზე აცხელებენ. ლეგენდის თანახმად, შქმერს მაღალჩინოსანი (განსხვავებული ვერსიებით: აზნაური, თავადი ან მეფე) ეწვია. ღარიბ სოფელს გასამასპინძლებელი არაფერი ჰქონდა გარდა ძველი ქათმის ხორცისა. დასჯას რომ გადარჩენილიყვნენ ხორცი ბევრ ნიორში მოამზადეს დასარბილებლად და სუნის დასამალად.
დღეს თბილისში გავრცელებულ ვერსიებში სოუსს ხშირად რძე, ნაღები ან არაჟანი ემატება. რაჭაში, როგორც წესი, შქმერულს ისევ ძველი რეცეპტით, მხოლოდ ნივრის, წყლისა და ქათმის შეწვისას დარჩენილი ცხიმის გამოყენებით ამზადებენ. თუმცა რესტორნების ნაწილმა დაიწყო რძისა და ნაღების დამატება.
ხშირად დასმული კითხვები ქართულ სამზარეულოზე (FAQ)
რომელი ტრადიციული ქართული კერძებია ყველაზე შესაფერისი ვეგეტარიანელებისთვის?
ქართული სამზარეულო ძალიან მდიდარია მცენარეული ინგრედიენტებით. ყველაზე პოპულარული ვეგეტარიანული ქართული საჭმელებია სხვადასხვა ფხალი, ბადრიჯანი ნიგვზით, ლობიანი, სოკოს ან კარტოფილის ხინკალი, თიხის კეცზე შემწვარი სოკო სულგუნით, ღომი და ჩურჩხელა. ამ კერძებს თითქმის ყველა რესტორნის მენიუში ვხვდებით.
არის თუ არა ქართული კერძები ცხარე?
უმეტესწილად, ქართული კერძები უფრო არომატულია, ვიდრე ცხარე, რადგან აქცენტი სუნელებსა და ახალ მწვანილზე კეთდება. თუმცა დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით მეგრული, სამზარეულო (ხარჩო, კუპატი, საცივი, აჯიკა და ა.შ.) დანარჩენებით შედარებით შესამჩნევად პიკანტურია.
რა შევუკვეთოთ რესტორანში პირველი სტუმრობისას?
თუ გსურთ რესტორნის მენიუ და სტანდარტები მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოთ, ეცადეთ პირველი ვიზიტისას სხვადასხვა კუთხის კერძები შეუკვეთოთ. მენიუში აუცილებლად შეიტანეთ იმერული ხაჭაპური, კახური მწვადი, ხინკალი და რომელიმე სახის ფხალი. დასალევად კი ქვევრში დაყენებული ქარვისფერი ღვინო ან საფერავი.
სად დავაგემოვნოთ საუკეთესო ქართული კერძები თბილისში??
თუ გსურთ ნამდვილი ქართული მენიუს დაგემოვნება ესთეტიკურად მიმზიდველ გარემოში, "წისქვილი ჯგუფის" რესტორნები საუკეთესო არჩევანია. ჩვენი შეფ-მზარეულები იყენებენ მხოლოდ მაღალხარისხიან, ნატურალურ ინგრედიენტებს და ტრადიციულ რეცეპტებს, რაც უზრუნველყოფს გემოების ავთენტურობას.
ჩვენთან შეძლებთ დააგემოვნოთ ყველა ზემოთ ნახსენები კერძი, დაწყებული ხინკლითა და ხაჭაპურით, დამთავრებული საცივითა და - სეზონზე - ჩაქაფულით. რესტორნების მყუდრო ატმოსფერო და პროფესიონალი პერსონალი კი დაგეხმარებათ სრულად შეიგრძნოთ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია. "წისქვილი ჯგუფის" რესტორნებში სტუმრობა არა მხოლოდ ქართული სუფრის, არამედ ქართული კულტურის მრავალმხრივად გამოცდის შესაძლებლობაა.
ბოლო განახლება: 17/09/2026
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





