საუკეთესო იმერული ხაჭაპური თბილისში - კლასიკა „წისქვილის“ სტანდარტით
იმერული ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში რთულია იპოვოთ რესტორანი, რომლის მენიუშიც მას ვერ იპოვით. თუმცა ის, რომ კერძი პოპულარულია, ყოველთვის ხარისხის გარანტი არ არის. ხშირად, ზუსტად ამ პოპულარობის გამო, კვების ობიექტები ცდილობენ იმერული ხაჭაპურის მენიუში შეტანას მაშინაც კი, როცა არ შეუძლიათ მისი შესაბამისი სტანდარტებით მომზადება - იყენებენ წინასწარ გაყინულ ცომს ან ზედმეტად მარილიან თუ მაგარ ყველს. შეუსაბამო ინგრედიენტების გამოყენება კი იმერულ ხაჭაპურს აკარგვინებს იმ მთავარ მახასიათებლებს, რის გამოც ის თავის დროზე ქართული კულტურული იდენტობის ნაწილი გახდა.
ქართველი გურმანებისთვის ხშირად მთავარი გამოწვევა სწორედ ავთენტური ხაჭაპურის პოვნაა, ისეთის რომლის მომზადებისას მზარეულები გამარტივებულ და იაფ მეთოდებს არ იყენებენ. კარგი იმერული ხაჭაპურის მთავარი საიდუმლო ზუსტად ხარისხიან ინგრედიენტებშია, ხოლო საუკეთესო ხაჭაპურის კი ამ ინგრედიენტების სწორ ბალანსში.
„წისქვილის“ სამზარეულოში ზუსტად ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ჩვენ ვიცით, რომ ხარისხიანი იმერული ხაჭაპურის მთავარი ნიშანია, როცა ცომსა და ყველს შორის ყველი ოდნავ ჭარბობს. სწორი პროპორცია განასხვავებს ხარისხიანად მომზადებულ ხაჭაპურს იაფიანი ცომეულისგან.
როგორი უნდა იყოს ნამდვილი იმერული? ტრადიციული რეცეპტის იდეალური ფორმულა
იმერული ხაჭაპური მარტივი კერძია. თუმცა მარტივი არ ნიშნავს ადვილს. ხარისხს უპირველეს ყოვლისა, ყველი ქმნის. ტრადიციული რეცეპტი, როგორც წესი, მოითხოვს ჭყინტი იმერული ყველის გამოყენებას. ეს არის ნაკლებად მარილიანი, ნაზი სტრუქტურის მქონე ყველი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად მომწიფებული. თუ ყველი ზედმეტად მარილიანია, ხაჭაპურის ცხობისას ის დაკარგავს ელასტიურობასა და სითხეს, ფაქტურა ხორხოშელა ხდება - იმის მაგივრად თანაბრად დადნეს, მცირე კოლტებად შეიკვრება. სწორად შერჩეული ჭყინტი ყველი კი ღუმელში თანაბრად დნება, წელვადი ხდება და ცომში პროპორციულად ნაწილდება. თანამედროვე რეცეპტებში ამ თანაბარი სტრუქტურის მისაღწევად ხშირად იმერულ ყველს ურევენ სულგუნსაც. სულგუნი გამოცხობისას გულსართს ელასტიურობასა და წელვადობას მატებს.
რაც შეეხება უშუალოდ ცომს - ტრადიციულ რეცეპტებში გვხვდება ორნაირი ვერსია: მაწონზე და საფუარზე. თუმცა შედეგი ერთნაირი უნდა იყოს: რბილი და ფაფუკი, თუმცა საკმარისად მტკიცე იმისთვის, რომ თხლად გაბრტყელების შემდეგ არ დაიშალოს და გულსართი შეინარჩუნოს. ღუმელიდან გამოღებულ ხაჭაპურს უნდა ჰქონდეს ოქროსფერი შეფერილობა და ოდნავ ხრაშუნა ზედაპირი. გაჭრისას დამდნარი ყველი არ უნდა გადმოიღვაროს, არამედ ერთიანი სტრუქტურა შეინარჩუნოს და თანაბრად ყოს განაწილებული მთლიან წრეზე. ასე ყველა ლუკმა დაბალანსებული (და გემრიელი!) იქნება.

რა განასხვავებს „წისქვილის“ ხაჭაპურს?
“წისქვილი” ამაყობს იმით, რომ ჩვენს რესტორნებში ყველა კერძის მომზადება იწყება არა სამზარეულოში, არამედ მომწოდებლებთან ურთიერთობით. იმერული ხაჭაპურიც არაა გამონაკლისი - ჩვენი მზარეულები არ იყენებენ ქარხნულ, დაბალი ხარისხის ნარევებს. “წისქვილის” ხაჭაპური ყოველდღიურად რეგიონებიდან ჩამოტანილი ახალი, ნატურალური ყველითა და მაღალი ხარისხის ფქვილისგან მოზელილი ცომით მზადდება.
მცხობელები ცომს ამუშავებენ ადგილზე, უშუალოდ შეკვეთის მიღების შემდეგ და ცხობის წინ. ეს გამორიცხავს გაყინული ნახევარფაბრიკატის გამოყენებას. სწორედ სპეციალურად, მაღალი შინაგანი სტანდარტებით შერჩეული ინგრედიენტები უზრუნველყოფენ საუკეთესო ხაჭაპურის გემოს, რომელსაც ქართველი სტუმრები ხშირად ბავშვობაში ბებიის მომზადებულს ადარებენ.
იმერული, მეგრული თუ აჭარული - რატომ ვირჩევთ კლასიკას?
რაც ქართულ სამზარეულოს არ უჭირს - ხაჭაპურის მრავალფეროვანი არჩევანია. ყველა კუთხე კერძის თავისებურ, სახასიათო ინტერპრეტაციას გვთავაზობს. თუმცა ამ სიმრავლეში, იმერული, მეგრული და აჭარული ხაჭაპური დანარჩენებზე ერთი ნაბიჯით წინაა პოპულარობით. აჭარული და მეგრული ვარიაციები უფრო მძიმეა - აჭარული გულსართში დამატებული კვერცხისა და კარაქის გამო, მეგრული კი ზემოდან ყველის დამატებითი ფენის (როგორც წესი, სულგუნი) ხარჯზე. მათთან შედარებით, იმერული გაცილებით მსუბუქია.
აჭარული ხაჭაპური ფორმითაც და შინაარსითაც უფრო კომპლექსური კერძია, ის ხშირად დამოუკიდებლად თამაშობს ლანჩისა თუ სადილის როლს. ხშირად კლასიკური პორცია ადამიანისთვის ზედმეტად ნოყიერია და იშვიათად თუ უწყვილდება სხვა კერძებს. ამის საპირწონედ, მეგრული და იმერული ხაჭაპური უფრო ხშირად ზუსტად როგორც სოციალური კერძები, ისე განიხილება და სხვა კერძებთან ერთად ხშირად გვხვდება სუფრაზე. მარტივად იჭრება, იდეალურია გასაზიარებლად და შეუცვლელია შეკრებების დროს.
თუმცა მეგრული, ისევე როგორც აჭარული, მეტად ინტენსიური და ცხიმიანია. იმერული ხაჭაპური კი, როგორც წესი, ნაკლებად ტოვებს სიმძიმის შეგრძნებას. ამიტომ ხშირად უდგებიან როგორც უფრო უნივერსალურ არჩევანს, განსაკუთრებით ისეთ სუფრებზე რომლებზეც შეიძლება იყვნენ ბავშვები ან უცხოელი სტუმრები, რომლებისთვისაც მეგრული ვარიანტი შესაძლოა არაკომფორტულად მსუყე აღმოჩნდეს.
რასთან ერთად უნდა მივირთვათ იმერული ხაჭაპური?
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იმერული ხაჭაპური ქართულ სუფრაზე შეუცვლელია, სწორედ მისი სხვა კერძებთან მარტივი დაწყვილების შესაძლებლობაა. სტუმარმა ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიღოს თეფშზე, იქნება ეს სუფრის დასაწყისისთვის თუ ბოლოსკენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კერძს ერთნაირად უხდება - სწორად დაწყვილება მის გემოს განსაკუთრებით ეფექტურად უსვამს ხაზს (ამიტომ მირთმევაც მეტად სასიამოვნოა).
ერთ-ერთ ასეთ კლასიკურ წყვილად ითვლება იმერული ხაჭაპურისა და ტრადიციული ქართული სალათის ტანდემი. კიტრისა და პომიდვრის სალათი ნიგვზით (და კახური ზეთით, თუ თქვენთვის ზედმეტად მძიმე არაა) თავისი ცოცხალი გემოებით იდეალურად აბალანსებს ცხელი ყველის ცხიმიანობას.
იგივე ლოგიკით, სუფრაზე ხაჭაპურს ხშირად მიირთმევენ ფხალეულთან ერთად. რაც უფრო მსუბუქია ფხალი, მით უკეთესი - საუკეთესო არჩევანია ისპანახის ან პრასის ფხალი, რომელიც ზომიერად შეზავებულია ძმრითა და ნიგვზით. ასევე საინტერესო კონტრასტს ქმნის უფრო ინტენსიურ გემოს მქონე ჭარხლის და სტაფილოს ფხალთანაც.
რაც შეეხება სასმელს - ტრადიციულად, ხაჭაპურთან ლიმონათსა თუ ღვინოს ყველა თავისი გემოვნებით უწყვილებს. თუმცა თუ ყველისა და ღვინოს ევროპული დაწყვილების მეთოდს გამოვიყენებთ, საუკეთესო არჩევანი მსუბუქი, მაღალი მჟავიანობის მქონე თეთრი ღვინო იქნება, რადგან მჟავიანობა ცხიმს დააბალანსებს. კარგი არჩევანია კლასიკური წინანდალი და ტრადიციული იმერული ციცქა და ცოლიკაური. წითელი ღვინის დაწყვილება კი უფრო რთულია - სახასიათო მძიმე ტანინები მარილიან შეიძლება უარყოფით რეაქციაში შევიდეს და პირში უსიამოვნო, მწარე, მეტალისებრი გემო დატოვოს. წითელ ღვინოში ასევე მჟავიანობა, როგორც წესი, უფრო დაბალია, ამიტომ ცხიმს ისე კარგად ვერ დააბალანსებს, როგორც თეთრი. საუკეთესო არჩევანი იქნება ნახევრად-ტკბილი ან ტკბილი, შედარებით მსუბუქი ტანინის მქონე წითელი ღვინოები, მაგალითად ქინძმარაული ან ხვანჭკარა.
არცერთი ნამდვილი ქართული სუფრა არაა სრულყოფილი კარგი იმერული ხაჭაპურის გარეშე. ეს არის ტრადიცია, რომელიც გვაერთიანებს. გვეწვიეთ „წისქვილის“ რესტორნებში თბილისში, წყნეთსა თუ მცხეთაში, დააგემოვნეთ ჩვენი საფირმო იმერული ხაჭაპური და თავად დარწმუნდებით, რომ ჩვენთვის ხარისხი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია.
იხილეთ „წისქვილის“ რესტორნების ზუსტი მისამართები და მაგიდის დასაჯავშნად კი დარეკეთ ნომერზე +995 032 2 00 55 55.
სხვა სიახლეები
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





