სამარხვო კერძები – ქართული სამზარეულოს უნიკალური ნიმუშები
ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე უარის თქმა, ერთი შეხედვით, მნიშვნელოვნად ზღუდავს ჩვენს რაციონს, თუმცა ქართული სამზარეულოს შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ არის. ის განსაკუთრებით მდიდარია მცენარეული კერძებით, რომლებიც სპეციფიკური და მრავალფეროვანი გემოების დამსახურებით, თავისუფლად უწევს კონკურენციას ხორცითა და რძის პროდუქტებით მომზადებულ კერძებს. უფრო მეტიც, ადგილობრივები თუ უცხოელი სტუმრები საყვარელ ქართულ კერძებს შორის ხშირად სწორედ ფხალს, ბადრიჯანს ნიგვზით, ლობიოს, ლობიანსა და სხვა სამარხვო კერძებს ასახელებენ.
ქართული სამარხვო ნიმუშების განსაკუთრებულობას მათი გემოების უჩვეულო კომბინაციები განაპირობებს. ნიგვზის, ნივრის, ახალი ქინძის, უცხო სუნელის, ძმრის, ბროწეულის, სხვადასხვა ბოსტნეულისა და მწვანილის განსხვავებული არომატები ერთმანეთთან ოსტატურად არის შეხამებული. ამიტომ ქართული სამარხვო კერძებზე აწყობილი რაციონი სულაც არ ნიშნავს ერთფეროვან კვებას, რაშიც ბლოგის გაცნობის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით.
პოპულარული ქართული სამარხვო კერძები
ქართული სამზარეულოს მცენარეული კერძების მრავალფეროვნება დიდწილად სოფლის მეურნეობის საუკუნოვან ტრადიციას უკავშირდება. ნოყიერი ნიადაგი და შესაფერისი კლიმატური პირობები ქართულ მიწაზე სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანის შესაძლებლობას ქმნის. მცენარეული პროდუქტების მრავალფეროვნება კი ქართველებს საშუალებას აძლევდა მათი კომბინაციებით უნიკალური გემოსა და ტექსტურის კერძები შეექმნათ. დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი ქართული კულინარიის განუყოფელ ნაწილად იქცა.
სამარხვო კულინარიულ ნიმუშებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი კერძები:
ფხალი
ფხალი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური კერძია, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებს აერთიანებს. ის შეიძლება დამზადდეს ისპანახისგან, ჭარხლისგან, კომბოსტოსგან, პრასისგან, მწვანე ლობიოსგან, ეკალასა და სხვადასხვა ფოთლოვანი მცენარისგან.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარიანტია ისპანახის ფხალი. მსუბუქად მოხარშულ და კარგად გაწურულ ისპანახს გატარებულ ნიგოზს, ნიორს, ქინძს, უცხო სუნელსა და სხვა სანელებლებს უმატებენ. კერძს ხშირად ბროწეულის მარცვლებით აფორმებენ, რომლებიც არა მხოლოდ ფერს, არამედ მსუბუქ მჟავიანობასაც მატებს მას. ჭარხლის ფხალს უფრო ტკბილი და მკვეთრი გემოები ახასიათებს, თუმცა მის ბუნებრივ სიტკბოს ნიგოზი, ნიორი, სანელებლები და ძმრის მსუბუქი მჟავიანობა აბალანსებს. საკმაოდ გამორჩეულია ეკალას ფხალიც. ეკალა, ანუ ეკალღიჭი, ველური მცენარეა, რომელსაც შედარებით მკვეთრი და ოდნავ მომწარო გემო აქვს. ნიგოზი მის სიმწარეს არბილებს, ნიორი და სანელებლები კი მის დამახასიათებელ არომატს კიდევ უფრო გამოკვეთს.

ბადრიჯანი ნიგვზით
ბადრიჯანი ნიგვზით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული მცენარეული კერძია და, შესაბამისად, მას ცივ კერძებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მის დასამზადებლად თხლად დაჭრილ ბადრიჯანს წვავენ, შემდეგ კი შიგნით ნიგვზის გულსართს ათავსებენ. გულსართში ძირითადად გვხვდება გატარებული ნიგოზი, ნიორი, ქინძი, უცხო სუნელი, ძმარი და სხვა სანელებლები.
ბადრიჯნის შედარებით ნეიტრალური და მსუბუქად ტკბილი გემო განსაკუთრებით კარგად ერწყმის ნიგვზის მდიდარ ტექსტურასა და სანელებლების მკვეთრ არომატს. ხშირად კერძს ბროწეულის მარცვლებით აფორმებენ, რაც მას ფერთან ერთად სასიამოვნო მჟავიანობასაც მატებს.
ლობიო
ლობიოს ქართულ სამზარეულოში სამართლიანად უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე ნოყიერ და გემრიელ კერძს. მისი მომზადების წესი განსხვავდება რეგიონების მიხედვით, თუმცა განსაკუთრებით პოპულარულია ქოთნის ლობიო.
მოხარშულ ლობიოს უმეტესად უმატებენ ხახვს, ქინძს, ნიორს, წიწაკას, უცხო სუნელსა და სხვა ქართულ სანელებლებს. ზოგიერთ რეცეპტში გამოიყენება ნიგოზიც, რაც კერძს კიდევ უფრო მდიდარ გემოს აძლევს.
ლობიოს ხშირად მიირთმევენ მჭადთან, მწნილეულთან და ახალ მწვანილთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მწნილეული ტრადიციული ქართული სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილია და განსაკუთრებულად კარგად ერწყმის ნოყიერ მცენარეულ კერძებს. მჭადი კი სიმინდის ფქვილისგან დამზადებული ერთგვარი კვერიებია, რომელსაც ბევრ ქართულ ოჯახში ლობიოს განუყოფელ კომპონენტად მიიჩნევენ.
ლობიანი
ლობიანი ქართული ცომეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მისი მთავარი გულსართი მოხარშული და შეზავებული ლობიოა. არსებობს ლობიანის განსხვავებული ვარიაციები – შეიძლება შეხვდეთ როგორც თხელ, ტაფაზე მომზადებულ ვარიანტებს, ისე ღუმელში გამომცხვარ შედარებით სქელ ლობიანს.

ლობიანის მირთმევამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ყველა ლობიანი სამარხვო არ არის. მაგალითად, რაჭაში მას ხშირად უმატებენ ლორსაც. გარდა ამისა, ზოგიერთ რეცეპტში ცომის ან გულსართის მოსამზადებლად შეიძლება გამოიყენონ კარაქი, რძე ან სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტი. ამიტომ, სასურველია, რესტორანში მისი შეკვეთისას წინასწარ დააზუსტოთ შემადგენლობა და მისი სამარხვო ვარიაცია მოითხოვოთ.
ბოსტნეულის კერძები და სამარხვო სალათები
ქართულ სუფრაზე ხშირად შეხვდებით უმი ან გამომცხვარი ბოსტნეულისგან, ასევე, კარტოფილისგან მომზადებულ კერძებსა და სალათებსაც. ისინი ხშირად გამდიდრებულია ახალი ქინძის, ოხრახუშის, რეჰანის, ხახვის, ჯონჯოლის ან ნიგვზის გემოებით. სწორედ მათი დამსახურებით იძენენ ეს სალათები სპეციფიკურ და საუცხოო არომატს.

როგორ ავაწყოთ სამარხვო სუფრა?
ქართული სამზარეულო სწორად შერჩეული კერძების მეშვეობით, სრულფასოვანი და საუცხოო სუფრის გაწყობის შესაძლებლობას იძლევა.
აპეტაიზერად შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის ფხალი, ბადრიჯანი ნიგვზით და მწნილეულის ასორტი გამოიყენოთ. ფხალეული თავისი მრავალფეროვანი ინგრედიენტებით, დახვეწილი გემოების გარდა, სუფრაზე ფერებსაც შემოიტანს. ძირითად კერძად კი იდეალური არჩევანია ლობიო, რომელსაც თუ მჭადს ან კახურ შოთსაც დაუმატებთ, საუცხოო კომბინაციას მიიღებთ. გარნირის სახით კი გრილზე მომზადებული ბოსტნეული, კარტოფილი ან უბრალოდ კიტრი-პომიდვრის სალათი სრულიად საკმარისი იქნება.
სად მივირთვათ სამარხვო კერძები თბილისში?
თუ უმაღლესი ხარისხის და ახალი ინგრედიენტებისგან დამზადებული სამარხვო კერძების დაგემოვნება გსურთ და თბილისში ან მის შემოგარენში იმყოფებით, მაშინ არჩევანი აუცილებლად „წისქვილზე“ უნდა გააკეთოთ. ჩვენს მენიუში წარმოდგენილია არამხოლოდ ზემოთ განხილული კერძები, არამედ სხვა მცენარეულ ბაზაზე დამზადებული ქართული ნიმუშები. აქ იპოვით ფხალეულის სხვადასხვა ვარიაციას, ბოსტნეულისგან დამზადებული სალათების მრავალფეროვან არჩევანს, მწნილეულის ასორტს, მჭადსა და სხვა სამარხვო კერძებს. რაც მთავარია, „წისქვილში“ ყველა ქართული კერძი ტრადიციული წესების სრული დაცვით მზადდება, თუმცა ჩვენს ზოგიერთ ფილიალში მათ განახლებულ ვარიაციებსაც შეხვდებით. აღსანიშნავია, რომ „წისქვილის“ მენიუ ასევე გამდიდრებულია საავტორო კერძებითაც, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამარხვო ნიმუშებს.
თუ მენიუში ამოკითხული რომელიმე კერძის შემადგენლობაში ეჭვი შეგეპარებათ, აუცილებლად მიმართეთ მომსახურე პერსონალს. ის მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ინგრედიენტების შესახებ და, ამასთან, კერძების საუკეთესო კომბინაციებსაც გირჩევთ.
გაეცანით „წისქვილი ჯგუფის“ მენიუს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი რესტორანი და დაჯავშნეთ მაგიდა წინასწარ.
სხვა სიახლეები
მდებარეობა, გარემო, მენიუ, სამუშაო საათები და ჯავშანი — რას მივაქციოთ ყურადღება საქმიანი ლანჩისთვის რესტორნის შერჩევისას თბილისში.
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.





