ვეგეტარიანული და ვეგანური კერძები რესტორან წისქვილში
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვეგეტარიანული და ვეგანური კვება მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ ჯერ კიდევ ათი წლის წინ სრულად მცენარეული კვება იშვიათი იყო, დღეს ის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ ტიპის რაციონის არჩევის მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, იმ ეთიკური მოსაზრებების გათვალისწინება, რომელიც ხორცის გამოყენებას უკავშირდება, გარემოს დაცვა და სხვა.
ინტერესი ვეგეტარიანელობისა და ვეგანობის მიმართ საქართველოშიც იზრდება. უფრო დიდ ქალაქებში, როგორიც თბილისი და ბათუმია, საკვები ობიექტები აქტიურად ითვალისწინებენ იმ ადამიანების მოთხოვნებს, ვინც სრულად მცენარეულ კვებაზეა. ქართული რესტორნისთვის ამ ტრენდის ატაცება მარტივია, რადგან დიდი ძალისხმევა არ სჭირდება ვეგანური მენიუს შესადგენად. ტრადიციული კულინარია ყოველთვის საკმაოდ მდიდარი იყო მცენარეული კერძებით.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმ სარგებლის შესახებ, რომელიც მცენარეული კვების რაციონს შეიძლება ჰქონდეს, და გაგიწევთ რეკომენდაციებს, რომელი მცენარეული კერძები უნდა გაასინჯოთ თქვენს ვეგან ან ვეგეტარიანელ სტუმარს “წისქვილის” რესტორნებში.
რატომ არის ქართული სამზარეულო იდეალური ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის?
ვეგანური დიეტის კრიტიკოსები ხშირად მას კვებითი მაკრო და მიკრონუტრიენტების სიმწირეში სდებენ ბრალს. მაგრამ, სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მცენარეული რაციონი ზრდასრული ადამიანისთვის სრულიად ჯანსაღი კვებაა. ის ბუნებრივად მდიდარია ბოჭკოთი, ჯანსაღი ცხიმებით და ვიტამინების უმეტესობით.
მთავარი პრობლემა, როგორც წესი, ხდება ცილების, რკინის, კალციუმისა და B12 ვიტამინის ნაკლებობა. თუმცა სწორი რაციონის შემთხვევაში ეს დანაკლისი, როგორც წესი, მინიმალურია, ხოლო სპეციალური გამდიდრებული პროდუქტების და დანამატების მიღება რისკს კიდევ უფრო ამცირებს. ამჟამად არსებული კვლევების საფუძველზე პროფესიონალ ნუტრიციოლოგთა უმეტესობა თანხმდება, რომ დაბალანსებული ვეგანური კვება შეიძლება სრულფასოვანი იყოს და ჯანმრთელობისთვის გარკვეული გრძელვადიანი სარგებელიც ჰქონდეს.
ზოგი ქართული მცენარეული კერძი ამ ბალანსის თვალნათელი მაგალითია. ავიღოთ, თუნდაც, ფხალი: ისპანახი, ჭარხლის ფოთოლი ან ეკალა ბოჭკოთი და ვიტამინებით მდიდარი მცენარეებია, ნიგოზი კი - ჯანსაღი ცხიმებითა და ანტიოქსიდანტებით. ლობიო მცენარეული ცილის, ბოჭკოსა და რკინის წყაროა. აჯაფსანდალი, რომელიც ბადრიჯნით, პომიდვრითა და წიწაკით მზადდება, ასევე მდიდარია ბოჭკოთი და ვიტამინებით.
ტრადიციულ კულინარიაში მცენარეული კერძების სიმრავლეს ისტორიული მიზეზიც აქვს. საქართველოში ქრისტიანული რელიგია საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების კულტურაზეც. ბევრი მორწმუნე წლის განმავლობაში ოთხ გრძელვადიან (დიდი, მარიამობის, პეტრეპავლობის და შობის) მარხვას იცავს, ხოლო ზოგი კი ყოველ ოთხშაბათს და პარასკევსაც მარხულობს. მართლმადიდებლური მარხვა სრულ შიმშილობას არ გულისხმობს. მაგრამ სამარხვო დღეებში რაციონიდან გამოირიცხება ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები და თევზი. ამიტომ ქართული სამარხვო რაციონის დიდი ნაწილი ბუნებრივად ვეგანურია.
რა განსხვავებაა ვეგანურ, ვეგეტარიანულ და სამარხვო კერძებს შორის?
ქართულ ვეგანურ და სამარხვო მენიუს შორის ბევრი საერთოა, თუმცა ისინი ყოველთვის თანხვედრაში არ არის ერთმანეთთან. ვეგანური დიეტა მხოლოდ და მხოლოდ ისეთ მცენარეულ პროდუქტებს იყენებს, რომელთა წარმოებაშიც ცხოველი არასგზითაა ჩართული. არ დაიშვება ხორცი, თევზი, რძე, ყველი, კარაქი, კვერცხი, ერბო ან თაფლი. ვეგანური კვების სტანდარტით თაფლიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტად მიიჩნევა.
ვეგეტარიანული კვება გამორიცხავს ცოცხალ არსებებს: ხორცს, ფრინველს, თევზსა და ა.შ. მაგრამ ნებადართულია რძის პროდუქტები და კვერცხი. ქართულ სამზარეულოში კარგი მაგალითებია ხაჭაპური, ელარჯი და გებჟალია.
ქართულ სამარხვო მენიუს ბევრი საერთო აქვს ვეგანურ დიეტასთან, რადგან უმეტესად მცენარეული პროდუქტებით მზადდება, მაგრამ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება. პირველ რიგში, თაფლი - მართლმადიდებლურ პრაქტიკაში ის არ ითვლება ცხოველურ პროდუქტად. ასევე, გარკვეულ დღეებში ნებადართულია თევზიც, თუმცა მისი გამოყენება გარკვეული შეზღუდვებით ხდება.
თუ სტუმარი მკაცრ მცენარეულ დიეტაზეა, მან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სოუსებისა და დრესინგების ინგრედიენტებს. ასევე, კარგი იქნება დააზუსტოს, მომზადებისას რა ცხიმი გამოიყენა შეფმა. ერთი შეხედვით მცენარეულ კერძში შეიძლება იყოს კარაქი ან ერბო, სალათის დრესინგში კი - თაფლი, ნაღები ან არაჟანი.
საუკეთესო ვეგანური კერძები ქართულ სამზარეულოში
ვეგეტარიანული და ვეგანური კერძები თბილისის რესტორნებში საკმაოდ დიდი არჩევანითაა წარმოდგენილი. “წისქვილი ჯგუფის” რესტორნებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ცივი წასახემსებლები, ისე ნოყიერი ცხელი კერძები და საკმაზები. მათ შორის ყველაზე პოპულარულია:
100%-ით ვეგანური და სამარხვო კერძები
ფხალის ასორტი - ქართული მცენარეული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კერძია. დაქუცმაცებული ისპანახის, სტაფილოს, ჭარხლის ფოთლის ან სხვა მცენარის ბაზას ნიგვზით, ნივრით, სხვადასხვა სუნელით კმაზავენ და, ხშირად, ბროწეულის მარცვლებით რთავენ.
ნიგვზიანი ბადრიჯანი - კლასიკური ქართული ცივი წასახემსებელი. ბადრიჯანს გრძლად ჭრიან, წვავენ და შემდეგ ამ ნაჭრებში შეზავებულ ნიგვზის მასას ახვევენ.
მეგრული ლობიო ქოთანში და მჭადი - წინასწარ მოხარშულ წითელ ლობიოს მწვანილითა და სანელებლებით კმაზავენ და თიხის ქოთანში აცხობენ. როგორც წესი მიირთმევა მჭადთან (ასევე ვეგანური სიმინდის კვერი) ერთად.
აჯაფსანდალი - მზადდება მოთუშული ბადრიჯნის, პომიდვრის, წიწაკის, ხახვისა და მწვანილებისგან. სუნელები და მომზადების წესი შესაძლოა ოდნავ იცვლებოდეს, და ზოგჯერ რაიმე სხვა ბოსტნეულიც ემატებოდეს.
ვეგეტარიანული კერძები რძის პროდუქტებით
ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ყველსა და სხვა რძის ნაწარმს. ამიტომ დიდია ვეგეტარიანული კერძების არჩევანიც.
ხაჭაპური - ალბათ ყველაზე ცნობილი ქართული კერძი, ცომეული ყველის გულსართით. საქართველოს ყველა რეგიონს თავისი სახასიათო ვერსია აქვს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია იმერული, მეგრული და აჭარული ხაჭაპური.
მეგრული ელარჯი და ღომი სულგუნით - ღომი სიმინდის ღერღილის ფაფისებრი კერძია. თავად ღომი სამარხვოა, თუმცა ხშირად შიგ დებენ ყველის ნაჭრებს. ელარჯის მომზადებისას კი სულგუნს უშუალოდ ღერღილს ახარშავენ, რაც მას დამახასიათებელ ელასტიკურ ტექსტურას აძლევს.
გებჟალია - რძეში ან მაწონში გადაზელილი სულგუნის ან ჭყინტი ყველის რულეტი. ყველი ფირფიტებად ბრტყელდება, ზავდება და შემდეგ იხვევა. სუფრაზე მირთმევამდე, როგორც წესი, ალაგებენ რძის ან მაწვნის სოუსში.
თუ აპირებთ „წისქვილის“ რომელიმე რესტორანს ეწვიოთ, შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ შესაბამის მენიუს ონლაინ. ვეგანური კერძები იქ სპეციალური სიმბოლოთია მონიშნული, რაც მცენარეული კვებისთვის შესაბამისი ვარიანტების მოძებნას ამარტივებს.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
არის თუ არა ვეგანური არჩევანი „წისქვილის“ რესტორნებში?
დიახ. „წისქვილის“ რესტორნებში შესაძლებელია არაერთი სრულად მცენარეული ქართული კერძის დაგემოვნება. მათ შორისაა რამდენიმე სახის ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო ქოთანში მჭადთან ერთად და ა.შ. ონლაინ მენიუში ვეგანური კერძები სპეციალური სიმბოლოთია მონიშნული.
შესაძლებელია თუ არა კერძის მორგება ვეგანურ მოთხოვნებზე?
დიახ, თუმცა კონკრეტული ცვლილება დიდწილად რეცეპტზეა დამოკიდებული. თუ კერძი აძლევს შეფს საშუალებას რაიმე ინგრედიენტი ამოიღოს ან მცენარეული ალტერნატივით ჩაანაცვლოს - რესტორანი მაქსიმალურად ეცდება ანგარიში გაგიწიოთ.
რომელია ყველაზე პოპულარული ვეგანური კერძი ქართულ სამზარეულოში?
ყველაზე ცნობილი ქართული კერძებია ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი და ლობიო ქოთანში. თუმცა პოპულარული კერძების სია საკმაოდ გრძელია. „წისქვილის“ რესტორნებში კი ტრადიციული სამზარეულოს გარდა, სტუმრებს შორის განსაკუთრებით მოთხოვნადია საფირმო ვეგანური კერძებიც, მათ შორის ხრაშუნა სოკოს სალათა, პომიდვრის სალათა ჯონჯოლით და სოკოს ჩაშუშული.
განახლებულია: 14/09/2026
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





