სად დავაგემოვნოთ საუკეთესო ჩიხირთმა თბილისში?
არის კერძები, რომლებიც უბრალოდ გვანაყრებს და ენერგიით გვამარაგებს და არის კერძები, რომლებსაც დანაყრების გარდა, კომფორტის, სიმშვიდის, სიმყუდროვისა და სითბოს განცდა მოაქვს. სწორედ ასეთია ჩიხირთმა – ქართული წვნიანი, რომელიც მინიმალური ინგრედიენტების მიუხედავად, განსაკუთრებულად მდიდარი გემოთი და სიჯანსაღით გამოირჩევა. ის ერთნაირად უხდება ლანჩს და ვახშამს. მეტიც, ჩიხირთმა იდეალურია საუზმედაც, განსაკუთრებით ნაბახუსევზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ორგანიზმის სასარგებლო საკვები ნივთიერებებით მომარაგება და ძალების აღდგენა.
ჩიხირთმა კახური კერძია, რომელიც, ერთი შეხედვით, მარტივად მზადდება. სინამდვილეში კი, ინგრედიენტების სწორად გამოყენება და მათი ჰარმონიულად შეზავება დიდ ოსტატობას მოითხოვს.
ბლოგში მოგიყვებით, როგორი უნდა იყოს საუკეთესო ჩიხირთმა და სად შეძლებთ კერძის ავთენტიკური სახით დაგემოვნებას თბილისში.
ჩიხირთმის ფილოსოფია – რა ხდის მას განსაკუთრებულს?
ქართულ სამზარეულოში ჩიხირთმა გამორჩეული კერძია არამხოლოდ მისი გემოვნური თვისებების გამო, არამედ მომზადების ფილოსოფიითაც. ის, ფაქტობრივად, ერთადერთი ქართული წვნიანია, რომელიც არ შეიცავს ბოსტნეულს, ხახვის გარდა. სწორედ ამიტომ ის განსაკუთრებულად მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი კერძია.
ჩიხირთმის რეცეპტი მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტს მოიცავს, ესენია: ქათამი (სასურველია, დედალი), ხახვი, ღვინის ძმარი, პურის ფქვილი, ქინძი, მარილი და შავი პილპილი. მთავარი გამოწვევა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მომზადების სწორი ტექნიკაა.
კერძში მთავარი ბულიონია, რომელიც კარგად გასუფთავებული ქათმის ნახარშისგან მზადდება. აღსანიშნავია, რომ მოხარშვის დროს ქათამი სასარგებლო ნივთიერებებს – ცილებს, ამინომჟავებს, მინერალებს, კოლაგენს, ჟელატინსა და ცხიმში ხსნად ვიტამინებს გამოყოფს. სწორედ ეს განსაზღვრავს ბულიონის არა მხოლოდ ტექსტურას, არამედ მის სარგებლიანობას. მოხარშვის შემდეგ ქათამს წყლიდან იღებენ, ხოლო დარჩენილ ნახარშს ცხიმს ხდიან. მასში ჯერ გატარებულ ხახვს, შემდეგ კი ღვინის ძმარს, პურის ფქვილსა და ქინძს უმატებენ. შეგრილების შემდეგ ნახარშში ნელ-ნელა ურევენ კარგად გათქვეფილ კვერცხს, ბოლოს კი ქათმის დამარილებულ ნაჭრებს აწყობენ.
ჩიხირთმის მომზადებისას ერთ-ერთი მთავარი სირთულე წვნიანის კვერცხითა და ძმრით შეზავებაა. სწორედ აქ ჩანს ყველაზე ნათლად მზარეულის გამოცდილება და ოსტატობა. საქმე ისაა, რომ კვერცხი ბულიონს ისე უნდა შეერიოს, რომ არ შეიკრას და აიჭრას. რაც შეეხება ძმარს, აუცილებელია მისი რაოდენობის კონტროლი, რათა არ გადაფაროს სხვა ინგრედიენტები და თან კერძს შესძინოს ოდნავ მჟავე და ცოცხალი გემო.
საბოლოოდ, კერძის კონსისტენცია უნდა იყოს მსუბუქი, კრემისებრი და ერთგვაროვანი, ქათმის ხორცი რბილი და წვნიანი, გემო კი ნაზი და, ამავე დროს, ღრმა არომატის მქონე. ჩიხირთმა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მარტივი ინგრედიენტების სწორი კომბინაციით სრულყოფილი კერძის მომზადება.

რატომ არის „წისქვილის“ ჩიხირთმა საუკეთესო არჩევანი?
საუკეთესო ჩიხირთმა თბილისში „წისქვილში“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ, რადგან რესტორანში კერძი ტრადიციული წესების სრული დაცვით მზადდება, რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და გამოცდილი მზარეულების მიერ. ამიტომ მასში შენარჩუნებულია ის გემო და სტრუქტურა, რაც კერძის უნიკალურობას განაპირობებს.
„წისქვილში“ კერძის მზადება დედლის საგულდაგულოდ შერჩევით იწყება, რომელიც აუცილებლად ჯანსაღი და ახალი უნდა იყოს. ის ნელ ცეცხლზე იხარშება. მზარეულები დიდ ყურადღებას აქცევენ ბულიონის კვერცხითა და ძმრით შეზავების პროცესსაც, რადგან ეს ეტაპი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა მხოლოდ კერძის გემოს, არამედ ბულიონის ტექსტურასა და ერთგვაროვნებას.
აღსანიშნავია, რომ ქართული ტრადიციული რესტორნების ქსელი „წისქვილი“ ორ ათწლეულზე მეტია, გემოსა და ხარისხს ქმნის. ამასთან, სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კლასიკურ ქართულ კერძებს, არამედ მათ თანამედროვე ვარიაციებსაც.
ჩიხირთმა – საუკეთესო წამალი ნაბახუსევზე
ალკოჰოლით დატვირთული მძიმე ღამის შემდეგ სხეული გაუწყლოვნებულია, კუჭი და ნაწლავები გაღიზიანებული, დარღვეულია ელექტროლიტების ბალანსი, გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზმი ცდილობს დაგროვილი ტოქსინების დაშლას. თუკი ამ დროს ჩიხირთმას მიირთმევთ, მალევე იგრძნობთ ნაბახუსევის ყველა აუტანელი სიმპტომის შემსუბუქებას. სწორედ ამიტომ ამ კერძს საქართველოში ნაბახუსევის წამლადაც მოიხსენიებენ.
ჩიხირთმა ორგანიზმს ამარაგებს სითხითა და მარილით, ამშვიდებს კუჭ-ნაწლავს და სხეულს აწვდის ენერგიას ძალების აღსადგენად. ამასთან, ბულიონის თბილი და ნაზი ტექსტურა არის ადვილად მოსანელებელი და ქმნის კომფორტისა და სიმშვიდის განცდას, რაც ამ დროს განსაკუთრებით გვჭირდება.
რასთან ერთად მივირთვათ ჩიხირთმა?
ჩიხირთმა თავისთავად სრულფასოვანი და დაბალანსებული კერძია, თუმცა მას განსაკუთრებით უხდება ახლად გამომცხვარი ქართული პური. მისი არომატი და ხრაშუნა ქერქი იდეალურად ერწყმის ნაზი ტექსტურის ბულიონს. ზოგს განსაკუთრებით უყვარს პურის პატარა ნაწილებად დამტვრევა და მისი პირდაპირ ჩიხირთმაში ჩალბობა. ეს „სახლური“ რიტუალია, რაც წვნიანის დაგემოვნების პროცესს ბევრისთვის უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. „წისქვილში“ ჩიხირთმასთან ერთად შეგეძლებათ შეუკვეთოთ თონიდან ახლად ამოყრილი დედას პური, იგივე შოთი – ადგილობრივებისა და უცხოელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართული პურის სახეობა.
ქართულ წვნიანებს, მათ შორის, ჩიხირთმას განსაკუთრებით უხდება მჭადიც – სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარი კვერი. ის ქართული სუფრის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია და ხშირად გამოიყენება პურის ალტერნატივად. შედარებით მშრალი მჭადი და მისი მკვრივი გარსი ბულიონის რბილ ტექსტურასთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნის.
თუ ჩიხირთმას ლანჩის ან ვახშმის დროს მიირთმევთ, გირჩევთ მას მსუბუქი თეთრი ღვინო მიაყოლოთ, რომლის მრავალფეროვან არჩევანსაც „წისქვილის“ მენიუში ნახავთ. თეთრი ღვინო განსაკუთრებით ეხამება წვნიანის დელიკატურ გემოს და ქმნის ჰარმონიულ კომბინაციას.

„წისქვილის“ ლოკაციები და გარემო
„წისქვილის“ ჩიხირთმის დაგემოვნება შეგიძლიათ როგორც თბილისში, ისე მის შემოაგრენში. „ეთნო წისქვილი“, „წისქვილი ტერასა“, „წისქვილი ვაკეში“ – ეს რესტორნების თბილისში არსებული ობიექტებია. გარდა ამისა, შეგიძლიათ ესტუმროთ მცხეთასა და წყნეთში არსებულ ფილიალებსაც. გაითვალისწინეთ, თითოეულ მათგანს უნიკალური კონცეფცია უდევს საფუძვლად, ამიტომ განსხვავებულია მათი არქიტექტურა და ატმოსფეროც. ნებისმიერ შემთხვევაში, „წისქვილის“ ყველა ობიექტში შეძლებთ საუცხოო კერძებთან ერთად, ეზიაროთ ქართულ ავთენტიკურ კულტურასაც და, ამასთანავე, დატკბეთ თანამედროვე არქიტექტურული დეტალებით.
„წისქვილის“ ობიექტებზე მეტის გასაგებად და მენიუების სრულად სანახავად გადადით ბმულზე. თქვენი განწყობის შესაბამისად შეარჩიეთ სასურველი რესტორანი ან ისარგებლეთ მიტანის სერვისით. კერძების შესაკვეთად დაუკავშირდით „წისქვილის“ გუნდს მითითებულ ნომრებზე.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





