,,წისქვილმა“ სვანეთს უმასპინძლა – ,,ქართული კუთხეების ფესტივალი“ გრძელდება
3-4 ივნისს, წისქვილის ეზოში სვანეთის დღეები მოეწყო. სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დააგემოვნეს გამორჩეული სვანური კერძები, გაეცვნენ კუთხის ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში.
ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო ასწლოვანი ანსამბლი "რიჰო“, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სვანური ფოლკლორის უძველესი ნიმუშები და მათი ავთენტური ვერსიები წარუდგინა. სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა ანსამბლ "ლალხორის“ შესრულებამაც.
"დედაქალაქში ჩამოგიტანეთ სვანების მოკითხვა და დიდი სითბო. უკან, ჩვენ მხარეში კი ძალიან კარგი ემოციებით დატვირთული ვბრუნდებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამ ლამაზი ღონისძიების ინიციატორებს“, – ამბობს ვახტანგ ფილფანი, ანსამბლ "რიჰოს“ ხელმძღვანელი.
გასულ შაბათ-კვირას, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეფმზარეულებთან ერთად თავად მოემზადებინათ სვანური კერძები და კუთხის გასტრონომია ამ ფორმითაც გაეცნოთ. მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები დახვდათ ბავშვებსაც მათთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. ამასთან ერთად, წისქვილის ეზოში გაიმართა გამოფენა-გაყიდვა.
"გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სტუმრებში. დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული აღფრთოვანება კი ანსამბლების – "რიჰოსა“ და "ლალხორის“ ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა შესრულებამ დაიმსახურა. სტუმრებს, სვანურ კულტურასთან ზიარების გარდა, შესაძლებლობა ჰქონდათ ბატონი ვახტანგ ფილფანის მონათხრობით, სვანეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიასაც გასცნობოდნენ.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს ნამდვილი სვანური დღესასწაულის მოწყობისთვის და დახმარებისთვის, რომ განგვეხორციელებინა ჩვენი იდეა: ქართული კულტურის პოპულარიზაცია ქართველ და უცხოელ სტუმრებში. აუცილებლად დაველოდებით ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს მომავალ წელსაც“, – ამბობს "წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის სპეციალისტი, მარიამ საღლიანი.
სხვადასხვა რეგიონისადმი მიძღვნილი დღეები "წისქვილი ჯგუფის“ ახალი ინიციატივის, "ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში იმართება. ფესტივალი 30 ივლისამდე გაგრძელდება და წისქვილის ეზო საქართველოს სხვადასხვა მხარეებს ყოველ მეორე შაბათ-კვირას უმასპინძლებს.
მომდევნო ღონისძიება 10-11 ივნისს გაიმართება. ამჯერად თავის კულტურასა და გასტრონომიას სტუმრების წინაში კახეთი წარადგენს.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





